0

10 აპრილი, 2009. როდის დაფიქსირდება მიტინგოცუნამი?

Posted by zurriuss on 2:43 PM in

მობილურმა გია ყანჩელის მუსიკა ააწკრიალა ანუ ერთი საათიღა დამრჩენია სიზმარში აშენებულ კოშკებში სარბენ-სახეტიალოდ. მერე კი დაფეთებულივით უნდა წამოვხტე, დილის ყველა რიტუალი უნდა შევასრულო (მათ შორის, სარკის წინ მინიმუმ ერთი არიის ხმაამოუღებლად მღერისაც), რათა ასე განსპეტაკებული გავქანდე გარდაუვალსა მას სოფელსა შინა, რომელსაცა თბილისი ჰქუიან.
დღის წესრიგში, ლექციების გარდა, რა თქმა უნდა, მიტინგი მაქვს. სულ დამავიწყდა, რეპეტიციაზეც ვარ გასასვლელი. ვერა და ვერ დავდგით ეს “პატარა უფლისწული”. არადა, ისე მიხარია, რომ, როგორც იქნა, ცოოოტათი ნორმალური როლი მეღირსა. ერთი სული მაქვს, როდის დავუმტკიცებს სამყაროს, რომ, მხოლოდ მუნჯისა და დეკორაციების გადამაადგილებლის გარდა, შემიძლია, კარგად ვითამაშო, თუნდაც, იდიოტი მეფის როლი (ფიქრები მარშუტკაში “ბოლეროს” კაიფში ყოფნისას, სადღაც, ვაკე-საბურთალოს გზაზე. ფანჯრიდან, სავარაუდოდ, ნინო ქაჯაიას გაკრეჭილი სახე მოსჩანს დევიზით “ცხოვრება მშვენიერია”. ეს მარშუტკა ისე ჯაყჯაყებს წინ და უკან, რომ თითქმის თავს მარტყმევინებს წინ და უკან. არადა წინ თავმოტვლეპილი კაცი მიზის, უკან – თავმოტვლეპილი მინა. ჯაყჯაყი ანუ ნჯღევა წერაში ხელს მიშლის და ურთიერთშეთხრილი ასოებით მაჭყაპნინებს ყოველივე ამას. არადა იდეინნის არაფერს ვწერ).
ტფუი, გაცდა ლექცია. ტფუი კი არა, უი! ჰოდა დავაი მიტინგზე!... 
მივაღწიე მიტინგზე. ძვლებისგანმგრევად ცივა! ისე, ცოტა ხალხია. მაგრამ, გვპირდებიან, მოვლენ კიდევო. ჰოდა ჟდიომ. ისე, მაგრები ვართ ქართველებიც, რა. როცა ყინავს, ცივა, წვიმს და ქვეყანა იქცევა, მაშინ გვიყვარს მიტინგები და პროტესტები. თან ახლა ზუსტად ეგრე ხდება: ცივა, წვიმს, ყინავს და ქვეყანა ხომ ინგრევა და ინგრევა. ჟურნალისტებისათვის განკუთვნილი საშვი გავაძრე. ოღონდ, არ გეტყვით, როგორ. 4 საათზე კახა კუკავამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. 6 საათიდანგადაიკეტება ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორია, კოსტავას გამზირი. აგრეთვე ქეთევან წამებულის გამზირიც.
ჰოი, რა ამბები იქნება!... კარგია. ცოტა მოვიწყინე ერთფეროვანი შეძახილებით. საჭიროა პროვოკაციები. ბევრი პროვოკაცია. ეს ხელისუფლებას გადარევს და ისინიც, ცხელ გულზე, რაღაცას მიქარავენ. მიქარვას კიდევ რაღაც მოყვება და შოუც გამოვა! ეჰ, შოუ,შოუ. ყველაფერი შოუდ გადაიქცა. თუ შოუს ელემენტები არ არის, მაშინ ყველაფერი ბანძად აღიქმება საზოგადოების მიერ. ამ სამი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში პრაქტიკული დავალებები, თითქმის, არ მღირსებია. ჰოდა ასეთი ვითარება პირდაპირ მისწრებაა ჩემთვის. იმდენს დავრბივარ, ლამისაა, ყველა ჟურნალისტის ფუნქცია შევასრულო. მაგრამ გიფასებს ვინმე? უკვე აღარ ვწუწუნებ ფასიან სამუშაოზე. უფასოზეც თანახმა ვარ. მაგრამ ამაზე ორჯერ მეტი რიგი ყოფილა. კიდევ ერთხელ “ტფუი!” ბედია ყველაფერი, ბედი! თუმცა თითოეული ჩვენგანი საკუთარ ბედს ბევრს აბედინებს და უწყობს ხელს, რომ ცუდი გახდეს. ასე რომ, დაიბადა გამოთქმა: “ბედს თუ ბევრს გააბედინებ, გაგაუბედურებს!”
ხალხის ერთი ნაწილი დაიძრა ტელევიზიისკენ. მეც, გავეკიდე, რა თქმა უნდა. თან სულ გარე-გარედან მოვუარე, რომ, ვინიცობაა, სპეცნაზი გამოზვიგენებულიყო, ჭყლეტაში არ მოვყოლილიყავი. თქვენ წარმოიდგინეთ, გასაოცარი სიმშვიდით მოვიდნენ ტელევიზიამდე (თუ ყვირილს, სტვენას, გინებასა და შეძახილებს არ ჩავთვლით). ტელევიზიასთან ხალხის ერთი ნაკადი კიდე დახვდათ და ნუ იქ ჭყლეტა წავიდა?... კიდევ კარგი, რომ ზემოთ ავძვერი, თორემ კედელზე ამაშპალერებდნენ აფიშების გვერდით. 
ჰოდა ტელევიზიასთან ვარ გაწევ-გამოწევაში. ვის ვისი მიკროფონი უჭირავს, ვის ვისი შნური აქვს შემოხვეული... ეგ კი არა, ეს ახალგაზრდა Lჟურნალისტები ისე არიან დაბნეული, რომ ერთმანეთს ართმევენ ინტერვიუებს. მოვიხედე უკან და არიქა, ააჭრელეს “რატომ?”-ით და კითხვის ნიშნებით ტელევიზიის სიმწრით გახეხილი მინები. მიშას დაფეთებული სახეებით გაივსო იქაურობა. ერთმა იძალა და სამეთვალყურეო კამერასაც ააკრა ან “დაიცავი საქართველო!” ან “რატომ?”. ურთიერთპადრუჩკაგაყრილი წითელი და ლურჯი აქტივისტები შესასვლელთან გაიჭიმნენ. მე კი, ჩემი საცოდავი მობილურით მიწევდა სირბილი ყველგან. I არხის ციცაბო მინდორზე ჯიხვის ტექნიტკით ფორთხვაც დავამუღამე. მართალია, ჯერ 10-მდე ჩხვლეტა დავიმსახურე დაწუხებული ეკალბარდებისაგან, მაგრამ ვის სცალია ამისთვის, როცა გრეჩიხა თვალწინ ჩაგიქროლებს, დავით ბერძენიშვილი მიკრობონში იმოძღვრება, ფიქრია ჩიხრაძე და დავით უსუფაშვილი კი დგანან გაუნძრევლად ალისა ვ სტრანე ჩუდესისა და კარლსონის სათამაშოებივით. გამყრელიძეც კი იყო და ბევრი სხვაც, რომლებსაც ვეღარ ვიხსენებ. სხვათა შორის, პირადი რეკორდიც დავამყარე: ალასანიასგან 3 მეტრში ვიდექი მანამ, სანამ უსუფაშვილთან საუბარს არ მორჩა. შეძახილების შინაარსი უცვლელი იყო. გიჟური, პათოლოგიური და ანომალიური შინაარსის გამოსვლები არ დაფიქსირებულა. ეს იმას ნიშნავ, რომ ოპოზიციას ჯერ ნერვები არ ასდუღებია.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, ძალიან დაძაბული დღეა იმათთვის, ვისაც უნდა, რომ საკუთარ თავს პრობლემები თვითონ შეუქმნას. საშინელი დღეა იმათთვისაც, ვისაც ტელევიზორში მირთმეულს, საკუთარი თვალით ნანახი ურჩევნია...

სურათები ქრონოლოგიურად საპირისპირო მხარეს დავალაგე და ნუ მიწყენთ.

აი, ამდენი ხალხი შეიკრიბა ტელევიზიის წინ. რამდენიმე 1000 კადრსგარეთ დარჩა


ყვრიმალის დედა

აი, ვინ იმალებიან ღობის უკან
ერთი ფიქრობს, როდის ჩართავენ პირდაპირ ეთერში, მეორე კი - იმაზე, თუ როგორ დაუსხლტეს ჩამჭრელ კითხვებს
უბრალოდ, ვაკო ავალიანი მიკროფონის, დაპრაწული თვალებისა და თლიფინის გარეშე (არა, არ მშურს, მაგრამ მაგარი ჟურნალისტიც ვერ არის)

დაიძრნენ...


ვაი ამ ტელევიზიის ცოდვა... უკვე მერამდენედ უნდა გადაკეტონ და ამოახრჩონ (ისევე, როგორც პარლამენტი)? ახლა წითელი მშვიდობისტები გადაეფსკვნენ ერთმანეთს


საერთოდ, მინა ისეთი მასალაა, რომ ნებისმიერი რამე ჩამოეატყაპნება, ისევე, როგორც ეს კითხვის ნიშნები


ერთ-ერთმა აქტივისტმა "რატომ" თუ "დაიცავი საქართველო" პირდაპირ სათვალთვალო კამერას ააკრა. ხალხმა, რა თქმა უნდა, მოუწონა



არც ამ ბავშვს უყვარს მიშა... ან ამ ბავშვსაც დაევასა მასაჟისტკა


ბედშავო, ვისაც ეძახი (ერთიანი საქართველო მაქვს მხედველობაში), ვაი, რომ ვეღარ იხილე...


ეს კაცი ახლა დაფიქრდა, ღირდა თუ არა მიტინგზე მოსვლა. დაგაგვიანდა ძიაჯან!...


აბა, რაღა ვთქვა


არ გეგონოთ, რომ არ ეთანხმება. დავშიც და ავდარშიც ეგრე იყურება სულ


თუ რომელი ჰალსტუხის მოკბეჩა უნდა, ამას თავად გადაწყვეტს


ტაკუცუნები...


მშობლიური "ხლოპის" გამყიდველნი

ასე კოხტად დაფასოებული ნაგავი რომ დავინახე, მეგონა, ვიღაც რაღაცებს ყიდდა. როცა დავრწმუნდი, რაც იყო, აღმომხდა: "ამასაც მოვესწარით!.."


ქეც კაია ჩეროში... და ნაგავში





0 Comments

Post a Comment

Copyright © 2009 zurriuss-დღიური All rights reserved. Theme by Laptop Geek. | Bloggerized by FalconHive.