0

12 აპრილი, ბზობა

Posted by zurriuss on 9:49 AM in
  როგორც ყოველთვის, მეტროს პირველი ვაგონის მესამე კარში შევედი და იქვე, ხელმარცხნივ დავჯექი. სამების ტაძარში მივდივარ. იმედია, ნორმალრ ადგილას მოვხვდები. თუმცა, სადაც უნდა მოხვდე, მთავარია, ფიქრითა და აზრით უფალთან იყო. ისე, ძალიან მიყვარს, როცა ხალხით გადავსებული ეკლესიის ერთ პატარა კუთხეში ვარ ჩემთვის შეყუჟული. მაშინ თვალებს ვხუჭავ, რომ ყურადღება არ გამეფანტოს. საკუთარ თავთან მარტო დარჩენას, ყველაზე უფრო, ალბათ, ეკლესიაში ახერხებს ადამიანი. აბა, რისთვისაა ტაძარი...
  ვერა და ვერ გავიხსენენე, მობილურში გალობა ჩამეწერა. Kyrie Eleison მომენატრა. ახლა გუსტავ მალერის ადაჯიოს ვუსმენ მეტროს რიტმული ხმაურის ფონზე. აი, “გადასასვლეი მეორე ხაზზე”-ც. ამდენი აკანკალებული სახე, ამდენი დაბრეცილი კიდური, ამდენი არაადამიანურად მომზირალი სახე... საშინელებაა! გული მტკივა. საკუთარი თავის მრცხვენია. ზოგჯერ ეს გრძნობა ისე მიმძაფრდება, რომ თავაღერილი ჩავურბენ ორ მეტროსადგურს დამაკავშირებელ დერეფანს. საშინელებაა, როცა ფიქრობ, თითქოს მათ ვიღაცამ მიწისქვეშ ცხოვრება და საქმიანობა უბოძა. თითქოს, ზემოთ ისინი არავის სჭირდება. მაგრამ აქ ჭირდებიან ვინმეს?... არადა, მათს ცხოვრებაშიც უთუოდ იქნებოდა ბედნიერი მომენტები, როდესაც, სიხარულით აღტაცებულნი, მადლობას ეტყოდნენ ღმერთს, რათა ზუსტად ისეთებად გააჩინა, როგორებიც არიან. 
  ყველა ჩვენგანი, მიუხედავად მრავალი ოცნებისა უკეთესი ან სასურველი ყოფის შესახებ, მაინც იმ სხეულსა და იმ გარემოში ვამჯობინებთ ყოფნას, რომელიც ინდივიდუალურად, დაბადებიდანვე მოგვყვება. იმიტომ, რომ მანკიერ სხეულშიც და ცხოვრებაშიც კი კარგი დევს. მთავარია, დაინახო იგი, შემდეგ კი – დააფასო და აღმოჩენილი ღირებულებით იცხოვრო. 
  ამიტომ, ყოველი ჩვენგანი, ოდესღაც, რამდენიმე წამით მაინც, უბედნიერესი იქნებოდა იმიტომ, რომ ის იყო, ვინც სინამდვილეში არის და არა ის, ვინად ყოფნაზეც ოცნებობს.
  ...”ავლაბარი!” ჩავედი...

0 Comments

Post a Comment

Copyright © 2009 zurriuss-დღიური All rights reserved. Theme by Laptop Geek. | Bloggerized by FalconHive.