0

9 აპრილის საპროტესტო აქცია

Posted by zurriuss on 1:59 PM in

გათენდა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელობებით აღსავსე დღე...
მე და მამაჩემი სადარბაზოდან გამოვედით. ვინაიდან მისი ჯიპი, ამ შემთხვევაში, ვერ გამოდგებოდა, რადგან სადღაც უნდა დაეტოვებინა მისი ოდესმე ხილვის იმედით, ისევ მამაპაპური მარშუტკით წასვლა განვიზრახეთ. 137 ნომერს ველოდეთ სულისჩაწყვეტამდე, მაგრამ, რა გინდა რო ქნა! შეგვარცხვინდა და საერთოდ არ გამოჩენილა. არც 67-მა ნომერმა ავტობუსმა გვცა პატივი. გულში მადიანად “ტფუი!” დავიძახე. ვერა და ვერ გავეჭიმე მამაჩემს ჩემი სტუდენტური ბარათით ავტობუსში და ვერ დავანახე, თუ როგორ მსიამოვნებს, როცა აპარატი კანკალით ამობეჭდავს ხოლმე ქვითარს. კაი რამე მოიგონეს, რაა... :)
ჰოდა მიტინგზე მისასვლელი ერთადერთი საშუალება (ჯონდოს ვირის გარდა), იყო TAXI... იფ, ისე მშვენიერი მერსედესი კი შეგხვდა. მართალია, მთლად სათვალეებიანი არ არის, მაგრამ მათზეც ვრცელდება ის გამონათქვამი, რაც მეფეებზე: “Все ерседесы между себя братья”
მოღრუბლულია. ცივა. ცივა უშეღავათოდ. მამა ტაქსის წინა სავარძელში ზის. მე უკან მოვკალათდი. ყანჩელის მუსიკის ფონზე დავიწყე სიცარიელისგან გამოშტერებული ქუჩებს თვალიერება. ვინაიდან მიტინგზე ჯერ არ მივსულიყავი, თავში ათასი საფიქრალი გამიჩნდა: იქნებ, ქუჩაში ხალხი იმიტომ არ გამოდის, რომ უკვე ლეგენდადქცეული 9 აპრილის დარბევისა ეშინია, ან პირიქით, ყველა გამოვიდა და ყველამ მიტინგზე დურთა თავი.
...ისე, ეს ჩემი ნაქები მერესედესი მარჯვენა მხარეს საეჭვოდ უკაკუნებდა. რომელიღაც შინაგანი ორგანო ტკიოდა...
ტელევიზიასთან 200-300 კაცი იდგა, როცა ტაქსით ჩავუარე. მერე რა მოხდა, არ ვიცი და ცოდვას ვერ დავიდებ. საქართველოს ერთიანობისათვის დაცემულთა მემორიალის საპატიო და ბეჭებში მოხრილი (ასე უფრო ადვილია გაუნძრევლად დგომა) ყარაულისათვის ახალი, წითელი მუნდირები ჩაუცვამთ. უხდებათ. ახლა მაინც იკვეთება შორიდან რომ იქ ორი კვიპაროსის ბუჩქი კი არა, ორი ჯარისკაცი დგას.
რაც შეეხება უნივერსიტეტს, აბა რა გითხრათ განსაკუთრებული: ტრანსფარანტები “რატომ?”, “რატომ?”, “რატომ?”, “რატომ?”....”რატომ?”-ის წარწერით, “მიშა მაგარია?”-ც არ აკლდა და ა.შ. სტუდენტებმა კორდონი შექმნეს “საქართველო!”-ს ძახილით. ჟურნალისტებმა ეს რომ დაინახეს, გაიფიქრეს, მაგი მასე არ უნდაო და კონტრ კორდონი აღმართეს. კონტრ კორდონს კონტრ ღრიალი მოჰყვა, ოღონდ, ამ შემთხვევაში, ჟურნალისტებს უკან დარჩენილი აქტივისტები ყვიროდნენ.
11:20-ზე ხალხის მასა ნელ-ნელა ლავასავით გადმოეღვენთა ტრასაზე და ჭავჭავაძის კორპუსზე მოძრაობა ჯერ შეადედა, მერე – გადაკეტა. ნელ-ნელა გამოემართნენ პარლამენტის მიმართულებით. ამის შემხედვარემ, დავკარი ფეხი და რუსთაველისკენ გავიქეცი. ავტობუსებმა პირი შეიკრეს და კარები ჩარაზეს, არსადაც არ მივდივართო, და საკუთარი ფეხების საქმეში ჩართვა მომიხდა.
12:45-ზე ფილარმონიას მივუახლოვდი. იქ მშვიდად და უწყინარად იდგა რამდენიმე ასეული კაცი. 15 წუთის შემდეგ მეტრო “რუსთაველის” ტერიტორიაზე ასევე მომიტინგეთა კიდევ ერთ ჯგუფს შევესწარი. “მომავლის პარტია”, “ხალხის პარტია” და “ქართული აკადემია” თავიანთ დროშებს აფრიალებდა. სადღაც ერთს ერთადერთს ეკავა ზვიადიდროინდელი, გახუნებული საქართველოს ძველი დროშა.
13:14 ...ჰოი, აღთქმულო მიწავ პარლამენტისავ!... ცოტა ხალხი დამხვდა. დამხვდა რა, იდგა. უზარმაზარ დინამიკებს გადავაწყდი, რომლებიდანაც მუსიკა “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” ისმოდა. ეს იმიტომ, რომ 9 აპრილის ნოსტალგია უფრო მძაფრი ყოფილიყო. ხალხი კი განაბული და ცრემლმორეული უსმენდა. სცენას რომ შევხედე, მეგონა, როკ-კონცერტისათვის ემზადებოდნენ. ასეთი აღჭურვილობით, მგონი, შაკირას დახვდა ეს ხელისუფლება შარშან. სახალხო დამცველებიც მოვიდნენ. მოვტრიალდი და წამომეხვია ჭავჭავაძიდან წამოსული ხალხის მრავალთავიანი მასა.
ამასობაში მოქანდნენ ზვიადისტები ტრადიციული სკანდირებით, რომელთაც აწ ულვაშგაპარსული კოკიტო მოუძღვებოდა (კოკიტოს იმიტომ ვეძახი, რომ ექსცენტრიულ იტალიელს ჰგავს). მოკლედ, შეიკრიბა ხალხი, შედგა მიტინგი, სცენა გაივსო ოპოზიციური ლიდერებით და მიტინგიც გახურდა. შეგნებულად აღარ ჩამოვთვლი საკითხებს და შეძახილის ფრაზებს. მიშა ფიგურირებდა ყველგან. ზოგან წაღმა, ზოგან – უკუღმა (ძირითადად, უკუღმა და წელში მოხრილი).
პარლამენტის დაცვა ყოველივე ამას მშვიდად ადევნებდა თვალყურს. 7 ნოემბრის მერე, რით გააკვირვებ მაგათ. გამოვეცალხე ხალხის მასას და ჩიტაძეზე ავედი სიტუაციის ზემოდან დასაზვერად. პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელს რომ ჩავუარე, გული რომ არ გამისკდა და იქვე რომ არ გავიშხლართე, მადლობელი ვარ ღმერთის. რამდენი რემბო და კომანდო მენახა ტელევიზორში, მაგრამ იმათზე უკეთ შეიარაღებული სპეცნაზის ჯგუფები რომ დავინახე ჭიშკრის მეორე მხარეს, დავიშოკე!... რას გავდნენ! როგორ იბღვირებოდნენ! რამხელა ავტომატები ეკავათ!... თავიდან ჩუმად ვუღებდი სურათებს. მერე, ხალხი რომ მოგროვდა, გაბედულად მივუშვირე მობილური. თან გულში ვლოცულობდი, ჩემი სახე არ დაემახსოვრებინათ, თორე გარეთ გამოსვლა რომ დასჭირვებოდათ, ვერ გადავურჩებოდი...
ამ მიტინგზე “მაესტროს” რეკორდული რაოდენობის ჟურნალისტები ჰყავდა წარმოდგენილი. მათი 90 პროცენტი ჩემი კურსელი და ჯგუფელი აღმოჩნდა. ყველას ისეთი წაშლილი სახე ჰქონდა, ყველა ისეთი დაძაბული და განერვიულებული ჩანდა, რომ კეთილი შურით დავიწვი. რა მოხდება, მეც ეგრე დავიღალო და დავიღრიჯო ჟურნალისტიკისათვის-მეთქი?...

სწორედ მაშინ გამიჩნდა ამ ბლოგის შექმნის იდეა. კარგა ხანია, არაფერი დამიწერია და გონებრივი კალამი ცოტათი მომიბლაგვდა, მაგრამ ნელ-ნელა ჩავჯდები ფორმაში. თქვენ კი 9 აპრილის აქციის ფოტოკოლაჟს გიტოვებთ. სურათები გადაღებულია სამსუნგის ბანძი ხარისხის მობილურით .

შალვა ოგბაიძე: აბა, წავიდააააა!


ეს კაცი, ერთი, ადამიანებს არ ყიდდა, თორე დანარჩენს ყველაფერს დაატარებდა

გაჭყლეტილი მთავარსარდალი


ბოევიკნი ქართველთა გორისანი


ვინც, როგორც შეძლო, ისე სცა პატივი...





ხუნელასავით კაცი მიტინგზე


წინ, თსუ!


აწი რაღა დაავიწყებთ ამ მიტინგს...

მხცოვანი ძევოჩკები


BBC-ის ჟურნალისტსაც შესახვეწი გაუხდა ინტერვიუ


საკუთარი პოლიტიკური მრწამსის სისწორეში დარწმუნებული აქტივისტი

Митинг в разгаре


როგორ დამიმათხოვრეს ეს ქანდაკება!...

სახეგაპარსული კაცი. ალბათ სათლელით იპარსავდა...:)


0 Comments

Post a Comment

Copyright © 2009 zurriuss-დღიური All rights reserved. Theme by Laptop Geek. | Bloggerized by FalconHive.